ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ
ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ მიერ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნას ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ პარტია კონსტიტუციურობის ილუზიას ქმნიდა,თუმცა რეალობაში დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებს.
„ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ ეს პარტიები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ „გახარიებმა“ თითქოს გადაწყვიტეს, ჩამჯდარიყვნენ კონსტიტუციურობის ჭრილში, შემოსულიყვნენ პარლამენტში და ეთამაშათ ვითომ კონსტიტუციური პარტიის როლი, ილუზია შეიქმნა, რომ ისინი გამოვიდნენ ამ ტყვეობიდან. ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ ინსტიტუტებს აღიარებენ, აგრძელებენ დესტრუქციულ მოქმედებებს და, რაც მთავარია, იყვნენ იმ ერთი მავნებლური მექანიზმის ნაწილი, რომელიც საკრებულოებში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქმნიდა კოალიციებს, იმ ძალადობრივ აქციებში იღებდა მონაწილეობას, უერთდებოდა საქართველოს გაშავების კამპანიაში საზღვარგარეთ გაგზავნილ წერილებსა თუ სხვადასხვა რეზოლუციების სულისკვეთებას“, - აცხადებს წილოსანი.
„ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს. მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებულ სარჩელში, უკვე მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „ფედერალისტების“ აკრძალვა და მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა.