ალექსანდრე ტაბატაძე – მისასალმებელი იქნება, თუ თამაზ ბორაშვილი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს

ალექსანდრე ტაბატაძე – მისასალმებელი იქნება, თუ თამაზ ბორაშვილი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე დღევანდელი მოხსენება უფრო პროფესიული მიმართულებით იყო წარმოდგენილი, მის მოხსენებაშიც ჩანდა, რომ იგი არის პროფესიონალი, რომელიც ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. მან ძალიან შინაარსიანად წარმოადგინა თავისი სამომავლო ხედვები სხვადასხვა მიმართულებით. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მას ამ უწყებაში წლების განმავლობაში აქვს ნამუშევარი და თითქმის ყველა გამოწვევა იცის, ნაფიქრი აქვს ამაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელი იქნება, თუ თამაზ ბორაშვილი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს. კარგი და მისასალმებელი იქნება, თუ წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამსახურის განვითარებისა და იმ სტრატეგიებისთვის, რომლებიც დაგეგმილი აქვთ. ვუსურვებ, რომ ეს მოვალეობა სწორედ თავისი უფლებამოსილების ვადებში შეასრულოს. ყოველთვის ვამბობ, რომ ცვლილებები სისტემისთვის კარგი არ არის, მაგრამ ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ ადამიანების პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევით, თუ მათ ასე აქვთ განსაზღვრული. მთავარია ერთი რამე – დღევანდელ ხელისუფლებასა და ჩვენს გუნდს აქვს ის შესაძლებლობები და ჰყავს ის კვალიფიციური კადრები, რომელთა მეშვეობითაც როტაცია ყოველთვის ხდება. ჩვენ ყოველთვის ვანაცვლებთ კადრებს იმ იმედით, რომ ესა თუ ის მიმართულება უფრო გაძლიერდება. ამის რესურსი ჩვენ ნამდვილად გვაქვს“, – განაცხადა ტაბატაძემ.