იაროსლავ კაჩინსკის განცხადების შემდეგ, დონალდ ტუსკმა პოლონელებს მიმართა: „ან თქვენ გაიყვანთ მათ პარლამენტიდან, ან ისინი გამოგვიყვანენ ჩვენ ევროკავშირიდან“
ან თქვენ გაიყვანთ მათ პარლამენტიდან ერთი წლის შემდეგ, ან ისინი გამოგვიყვანენ ჩვენ ევროკავშირიდან, – ამ განცხადებით მიმართა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პოლონელებს.
ტუსკი გამოეხმაურა პოლონურ მედიაში გამოქვეყნებულ ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებას, სადაც მან ევროკავშირში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები არ გამორიცხა.
როგორც პოლონეთის პრემიერმა პოლონელებისთვის მიმართვისას აღნიშნა, 2027 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ან ხალხი „მოიშორებს“ ამ პოლიტიკურ ძალას პარლამენტიდან, ან ეს ძალა თავად გაიყვანს პოლონეთს ევროკავშირიდან.
აღნიშნული განცხადება გააკრიტიკა „გაერთიანებული სამეფოს რეფორმების“ პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯიმ და აღნიშნა, რომ პოლონეთში ვითარება „ძალიან სერიოზულია“.
„პოლონეთში სიტუაცია ძალიან სერიოზულია. დაპატიმრებები და საკონსტიტუციო სასამართლოში რბევა – ყველაფერი არადემოკრატიული ევროკავშირის დასაცავად“, – წერს ნაიჯელ ფარაჯი.
პოლონეთის პრემიერის მიმართვა ასევე გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
„ეს შოკის მომგვრელი თავდასხმაა პოლონეთში დემოკრატიაზე“, – დაწერა ლიზ ტრასმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, იაროსლავ კაჩინსკის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების მედიაში გამოქვეყნებისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის გამოხმაურების შემდეგ, „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა საკუთარი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ ითხოვს ევროკავშირის ძირეულ რეფორმას და არა ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლას.
„გასაკვირი არ არის, რომ დონალდ ტუსკი იცავს სისტემას, რომლითაც თავად სარგებლობდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. ჩვენ გვინდა, ევროკავშირმა სარგებელი მოუტანოს არა მხოლოდ ელიტებს, არამედ, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ მოვითხოვ ევროკავშირის ძირეულ რეფორმას“, – განაცხადა კაჩინსკიმ.



