პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს.
საკითხი სხდომაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.
საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების - ჯარიმებისგან დამსაქმებელთა პირობადადებულ გათავისუფლებას, თუკი აღნიშნული დამსაქმებლები უზრუნველყოფენ საპენსიო შენატანებისა და საურავების სრულად განხორციელებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
გარდა ამისა, მცირდება ჯარიმის ოდენობა: პირველ და განმეორებით შემთხვევებში 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმის ოდენობა 300 ლარი იქნება.
კანონის პროექტი ითვალისწინებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობების ახლებურად მოწესრიგებას.
კერძოდ, კანონის პროექტით განისაზღვრება „მიუღებელი სარგებლის“ ცნება, დგინდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენის, დამსაქმებლისთვის ჯარიმის დაკისრებისა და მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვის, მათი აღსრულებისა და გასაჩივრების წესები. აგრეთვე, განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესაძლებლობა.
ამასთანავე, იქმნება საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური და განისაზღვრება მის მიერ საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.