საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი სიახლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნინო თანდილაშვილთან ერთად განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ბიზნესისთვის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და მომსახურების ხარისხის ამაღლება.
კანონპროექტის თანახმად, იგეგმება როგორც პროცედურული ვადების დაზუსტება სტანდარტულ და დაჩქარებულ წარმოებებში, ასევე, მომსახურების საფასურების გადახედვა გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვის რეგულაციების განახლებაზე, მათ შორის ნარჩენების აღდგენა-განთავსების დღე-ღამური მაჩვენებლების განსაზღვრასა და „ნარჩენების წინასწარი დამუშავების“ ცნების დაკონკრეტებაზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით განისაზღვრება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მომსახურების საფასური. იმ საქმიანობებზე, რომლებიც ერთდროულად ექვემდებარება როგორც ინტეგრირებულ ნებართვას, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ბიზნესს მხოლოდ ერთი მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევს.
„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი სტანდარტების ამაღლებასთან ერთად, ადმინისტრაციული პროცესები იყოს ეფექტიანი და თავისუფალი ბიუროკრატიული ბარიერებისგან. მისასალმებელია, რომ სამინისტრო ითვალისწინებს კერძო სექტორის საჭიროებებს, გვთავაზობს პროცედურულ სიმარტივეს და ბიზნესს ათავისუფლებს ორმაგი ფინანსური თუ ადმინისტრაციული ტვირთისგან. მსგავსი ღია დიალოგი საუკეთესო პლატფორმაა ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.