დავით მათიკაშვილი „ფარას“ გამკაცრებაზე: ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ აგორებული კამპანია

დავით მათიკაშვილი „ფარას“ გამკაცრებაზე: ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ აგორებული კამპანია

მმართველ გუნდში შეერთებულ შტატებში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის შესაძლო გამკაცრებასა და გაფართოებას ეხმაურებიან. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მიმდინარე პროცესები ააშკარავებს იმ უსამართლო მიდგომას, რაც საქართველოს მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას მოჰყვა.

„ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ მთელი ის აგორებული კამპანია, როგორც ევრობიუროკრატების, ასევე შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის, საქართველოში მოქმედი რადიკალური აგენტურული ჯგუფების მიერ იყო ნაკარნახევი, რასაც მხარს უბამდნენ როგორც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ასევე სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობა. დღეს ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის სრული აბსურდი და საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ეს დასტურდება იმ ინიციატივებით, რასაც პირველ რიგში შეერთებულ შტატებში ვხედავთ“, - აცხადებს მათიკაშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატები უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) არეალს ზრდის. ახალი რეგულაციებით, ვიზა გაუუქმდება ყველა უცხოელს, რომლის საქმიანობაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ამასთან, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნები იზრდება სოციალურ ქსელებშიც - კერძოდ, ის შეეხება იმ ინფლუენსერებს, რომლებიც უცხოური მთავრობების ან სუბიექტების ინტერესებით მოქმედებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველას მოუწოდა, დაემორჩილონ კანონის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი რეაგირებით დაემუქრა.