შალვა პაპუაშვილი: დადასტურდა, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდათ სოციალური დახმარება, თუმცა ამ ბაზაში რჩებოდნენ. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთია, რომ კოვიდისას დაემატნენ ადამიანები ბაზას და მაშინაც გარკვეული მორატორიუმი იყო

შალვა პაპუაშვილი: დადასტურდა, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდათ სოციალური დახმარება, თუმცა ამ ბაზაში რჩებოდნენ. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთია, რომ კოვიდისას დაემატნენ ადამიანები ბაზას და მაშინაც გარკვეული მორატორიუმი იყო

ათობით ათასი ადამიანი შემოწმების შედეგად, სამინისტრომ სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზიდან ამოიღო და მგონი ამაზე არავის პროტესტი არ განუცხადებია, ვინაიდან, ყველა კარგად მიხვდა, მათი იქ ყოფნა უსამართლო იყო, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოციალურ ბაზებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „ძალიან ბევრ ადამიანს სოციალური დახმარება ისევ მოეხსნა. ეს საკითხი თავიდან არის გადამოწმებული. ხომ არ ფიქრობთ, რაკი ამდენ ადამიანს ჰქონდა სოციალური დახმარება ისე, რომ აღმოჩნდა არ ეკუთვნოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით წინა მინისტრის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს?“

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რომ ადამიანები ბაზაში რჩებოდნენ, ამას ბევრი მიზეზი აქვს.

„ამაზეც არაერთხელ ითქვა, პრემიერ-მინისტრს საჯაროდ აქვს განცხადება გაკეთებული, სანამ სოციალური დახმარების მიმღებთა სიის გადამოწმების პროცესი დაიწყებოდა და რაც დადასტურდა შემდეგ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდათ სოციალური დახმარება, თუმცა ამ ბაზაში რჩებოდნენ. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის, ერთ-ერთი მიზეზია, რომ კოვიდისას დაემატნენ ადამიანები ბაზას და გარკვეული მორატორიუმი იყო მაშინაც. გადამოწმებები არ ხდებოდა, ვინაიდან კოვიდის დროს სოციალური ფონი დამძიმდა, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მკაცრი მიდგომა და ბაზების გადამოწმება არ ჰქონდა. ამიტომ გამოაცხადა ირაკლი კობახიძემაც თავის ამოცანად, რომ გადამოწმდეს. ნახეთ თქვენ, რომ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ამ ბაზიდან ამოღებულია და აკვირდებით მგონი, ვინმეს პროტესტი არ მოგისმენიათ. რატომ? - იმიტომ, რომ ეს ადამიანები ძალიან კარგად ხვდებოდნენ და ხვდებიან, რომ იმ სიაში არ უნდა ყოფილიყვნენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.