საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა სცნოს ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.
მაია ბითაძე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობაა. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა 16 სექტემბერს მაია ბითაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.