გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სრულად
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა. პრემიერის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო დელეგატებო, საქართველოს მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით - ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობით და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება კვლავაც უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება.
გლობალურ დონეზე მზარდი გამოწვევების ფონზე, კოორდინირებული რეაგირება საერთო დაბრკოლებებზე, კონფლიქტების პრევენცია და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგში დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით და ერთობლივ ქმედებაზე საერთო პასუხისმგებლობის აღებით. ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია; ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს.
იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობა ისე ღრმად შეიძლება ესმოდეთ, როგორც საქართველოს. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე ვიყავით - კარს ვუღებდით განსხვავებულ კულტურებს, ხალხს და იდეებს; ამავე დროს კი მტკიცედ ვიცავდით საკუთარ უნიკალურ იდენტობას და თვითმყოფადობას.
საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე, თუმცა, ამ გამოწვევებმა კიდევ უფრო მტკიცედ გადაგვაწყვეტინა - თავად ავირჩიოთ საკუთარი გზა. ისტორიულმა გამოცდილებამ ასევე გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ. ამ პრინციპებისადმი ერთგულებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის აღდგენა და სწორედ ამ ფონზე მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა. დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს.
გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც - ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც.
ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული სტაბილურობა და წარმატება არ შეიძლება განხილული იქნას უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გარეშე. გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რეგიონული ინიციატივების ფარგლებში თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ, როგორც კეთილსინდისიერმა შუამავალმა, თანამშრომლობის განმტკიცების და მშვიდობიანი გადაწყვეტების მოძიებაში წვლილის შეტანის გზით. დღეს ჩვენ რეალურ შესაძლებლობას ვხედავთ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას ეხმიანება - შევქმნათ უკეთესი მომავალი. თანამშრომლობის ამგვარი სულისკვეთება რეგიონისთვის ხელშესახებ ეკონომიკურ შესაძლებლობებადაც უნდა გარდაიქმნას.
საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა და პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს. ამას გარდა, უფრო ფართო რეგიონული თვალსაზრისით, ეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს შესაძლებლობას უქმნის, რომ გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს დაუკავშირდნენ. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ შევქმენით ქსელი, რაც დაახლოებით 2.3 მილიარდი მომხმარებლისგან შემდგარ ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფს.
დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში: სარკინიგზო ქსელის მოდერნიზება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ავტომაგისტრალების ქსელის გაფართოება. ამავდროულად გვჯერა, რომ ფიზიკური და ციფრული დაკავშირება ერთი და იმავე სტრატეგიული დღის წესრიგის შემადგენელ ორ კომპონენტს წარმოადგენს.
შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით და ახალი თაობის მონაცემთა ინფრასტრუქტურის მეშვეობით, საქართველო მიზნად ისახავს უსაფრთხო, მდგრადი და დივერსიფიცირებული ციფრული კავშირების განმტკიცებას ევროპასა და აზიას შორის.
ეს ამბიციური გეგმები კი საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეფუძნება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 9.3 პროცენტით იზრდებოდა და ეს დინამიკა 2026 წელსაც გაგრძელდა, რადგან წელსაც პირველი შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9 პროცენტს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი ექნება რეგიონის მასშტაბით და ევროპის ქვეყნებს შორის - საშუალოდ 5.4 პროცენტი. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენ აქტიურად ვაყალიბებთ ინოვაციებზე ორიენტირებულ და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური საწარმოების განვითარებას უწყობს ხელს. მსოფლიოში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებს შორის და 2021-2025 წლებში საშუალოდ მშპ-ის 6 პროცენტს აღემატებოდა. ეს კი ქვეყნის ზრდის პოტენციალის მიმართ ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების პერსპექტივას ასევე ამყარებს მსხვილი და მრავალწლიანი საინვესტიციო პროექტების დაწყება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და უძრავი ქონება. თუმცა, წარმატების ნამდვილი საზომი ის არის, თუ როგორ აუმჯობესებს ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრებას. ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ხელშესახებ სოციალურ შედეგებში უნდა აისახოს - ერთ სულ მოსახლეზე წარმოების ზრდა, რეალური ხელფასების მატება, სიღარიბის შემცირება, უკეთესი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ეკონომიკური მდგრადობა.
ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შედეგები კონკრეტული და გაზომვადი სახით არის ასახული მაჩვენებლებში, რაც საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს, მაგ. სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 7.1 პროცენტს შეადგენს, 2020 წლის 21.3 პროცენტთან შედარებით.
თუმცა, ეს მიღწევა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ უფრო ფართო ტრანსფორმაციისა, რომლის განხორციელებისკენაც ვისწრაფვით. შესაბამისად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება, თითოეულ რეგიონში შესაძლებლობების ამაღლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ფართოდ გადანაწილდეს და არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. აღნიშნული პრიორიტეტები სრულად შეესაბამება საქართველოს მიერ „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიღწევის მიმართ აღებულ ვალდებულებას, რაც ასევე ასახულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მდგრადი განვითარების მიზნით თანამშრომლობისთვის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაში 2026-2030 წლების პერიოდში.
უფრო შორეულ პერსპექტივაში, მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ, რაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის უფრო მეტად დივერსიფიკაციით, ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობის გაფართოებით და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებით.
თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონებო და ბატონებო,
პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე. საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე. გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით. პატივისცემის და თანამშრომლობის პრინციპებიც ასევე ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს ეფექტური მულტილატერალიზმისთვის.იმ პირობებში, როცა გლობალურ დონეზე გაურკვევლობა კვლავ იმატებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუცვლელ ფორუმად რჩება დიალოგისა და ერთობლივი ქმედებისთვის. ამ კონტექსტში, UN80 ინიციატივა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის გაეროს ეფექტურობის და შესაძლებლობების ასამაღლებლად, მისი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების პარალელურად. საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომელთა დახმარებით ეს ორგანიზაცია უფრო უკეთესად მუშაობას შეძლებს და კიდევ უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებული გახდება. სწორედ დღეს გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს, თუ როგორ სამყაროს დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობებს. მოდით, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ისეთი სამყარო დავუტოვოთ მათ, რომელიც უფრო მშვიდობიანი, დაცული და ერთიანი იქნება, ვიდრე დღეს არის“, - განაცხადა პრემიერმა.