ლევან მახაშვილი საფრანგეთში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე: მიზანი ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა და გარედან იძულების გზით ხელისუფლების ცვლილებაა
ეს ორგანიზაციები პირდაპირ დგანან სათავეში იმ პროცესის რასაც ჰქვია უცხოური ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე ეკა გიგაურის გამოსვლას გამოეხმაურა.
„ასე მონიშნავენ ქვეყნის სუსტ წერტილებს, სად უნდა დაარტყან ქვეყანას, სად და ვინ უნდა დაასანქცირონ, როდის უნდა შეუტიონ სახელმწიფოს. რეალური მიზანი ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა და გარედან იძულების გზით ხელისუფლების ცვლილებაა. ასე რომ ეს მიზანი 4 ოქტომბერს იქნებოდა თუ სხვა დღეებში, გამოააშკარავეს“, - აღნიშნა მახაშვილმა.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სიტყვით გამოვიდა. მან სახელმწიფოს „რუსული მეთოდებით მართვაზე“ ისაუბრა და პარტნიორებს მოუწოდა, „ნუ დატოვებენ საქართველოს მოქალაქეებს მარტო".