BBC: ნიდერლანდებში რკინიგზის მუშაობა სავარაუდო დივერსიის გამო შეფერხდა
ნიდერლანდების რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ამსტერდამში, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორის, ProRail-ის განცხადებით, მიზეზი ლიანდაგებზე სავარაუდო დივერსია გახდა, იუწყება BBC-ი.
ProRail-მა მგზავრები გააფრთხილა, რომ სამშაბათს ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში მატარებლების რეისების გაუქმებასა და დაგვიანებას უნდა ელოდონ. შეფერხებები რამდენიმე სარკინიგზო გადასასვლელსაც შეეხო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლიანდაგებზე რამდენიმე ადგილას მილები იყო დამაგრებული. ProRail-ის განცხადებით, ინციდენტი, სავარაუდოდ, „განზრახ შეფერხებას წარმოადგენდა, რომელიც ადამიანის მოქმედებით იყო გამოწვეული“.
კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე ეჭვმიტანილები და შესაძლო მოტივი გამოვლენილი არ არის. მომხდარს ეროვნული პოლიციის სპეციალური დანაყოფი იძიებს.
ProRail-ის ვებგვერდზე სამშაბათს ქვეყნის მასშტაბით 15 შეფერხება აღირიცხა. პრობლემები შეეხო მარშრუტებსაც, რომლებიც ქვეყნის მთავარ საერთაშორისო აეროპორტ სჰიფჰოლსა და უტრეხტს უკავშირდება.
„ლიანდაგის რამდენიმე მონაკვეთზე აღმოჩნდა მასალები, რომლებიც იქ განზრახ იყო დაწყობილი. ამან მონაკვეთების გაუმართაობა გამოიწვია. როგორც ჩანს, საქმე დივერსიასთან გვაქვს“, - ნათქვამია ProRail-ის განცხადებაში.