Euronews: ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ გადადგა

Euronews: ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ გადადგა

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი ოსკარ პუენტე რამდენიმე დღის წინ ურდასთან მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, გასულ კვირას ტოლედოს პროვინციაში მომხდარ კატასტროფას 69 ადამიანი ემსხვერპლა.

გადაწყვეტილების შესახებ პუენტემ დეპუტატთა კონგრესის მუდმივი დელეგაციის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. ეს არის კომიტეტი, რომელიც ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატის ფუნქციებს ასრულებს მაშინ, როდესაც კონგრესი სრული შემადგენლობით არ მუშაობს.

პუენტემ, რომელიც პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტური პარტიის წევრია, განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლა „ქვეყნისა და დემოკრატიისთვის კარგი იქნება“. მან ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უწოდა და დასძინა: „სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ყველა პოლიტიკოსი ერთნაირია“.

მინისტრის თქმით, ის მომდევნო არჩევნებში თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს, რადგან სურს, „თავისი პარტიის ღირსეული წარმომადგენელი იყოს“.

სხდომაზე პუენტემ მადრიდი-სევილიის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის უსაფრთხოება დაიცვა. სწორედ ამ მონაკვეთზე მოხდა ავარია. დაღუპულთა გარდა, შემთხვევის შედეგად დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა.

„ეს არც მიტოვებული და არც მივიწყებული ინფრასტრუქტურაა“, - განაცხადა მან.

გამოსვლის დასასრულს პუენტე დეპუტატებს დაემშვიდობა: „მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა ამ გამოწვევას სათანადოდ გაუმკლავდება. მე ვეცადე, ჩემი წვლილი შემეტანა. მშვიდობით“.