New York Post: იამაიკელი მამაკაცი აშშ-ის არჩევნებში 22 წლის განმავლობაში უკანონოდ აძლევდა ხმას
იამაიკის მოქალაქე, რომელიც აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლებით ცხოვრობდა, 22 წლის განმავლობაში ამერიკის არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მან ეს ფაქტი აშშ-ის მოქალაქეობის მიღების პროცესში დამალა და ფედერალურ უწყებებს არ აცნობა.
ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ პატერსონში მცხოვრები ანტონიო მიტჩელი 28 ოქტომბერს დააკავეს. საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ინფორმაციით, მას ბრალად ედება 2000 - 2022 წლებში სხვადასხვა არჩევნებში უკანონო მონაწილეობა და შემდგომში ამ ფაქტის დამალვა აშშ-ის მოქალაქეობის მიღების დროს.
სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, მიტჩელი ნიუ-ჯერსის შტატში ამომრჩევლად 2012 წელს დარეგისტრირდა და რეგისტრაციისას ფიცის ქვეშ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს აშშ-ის მოქალაქე იყო.
საქმის მასალების მიხედვით, მან 2022 წლის 8 ნოემბერს წარმომადგენელთა პალატის არჩევნებშიც პირადად მიიღო მონაწილეობა.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის მოქალაქეობის მიღების განაცხადის შევსებისას, 2025 წლის 31 იანვარს, მიტჩელმა კითხვას, დარეგისტრირებულა თუ არა ოდესმე ამომრჩევლად ან მიუღია თუ არა მონაწილეობა აშშ-ის ფედერალურ, შტატისა თუ ადგილობრივ არჩევნებში, უარყოფითი პასუხი გასცა.
საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელთან 2025 წლის 24 სექტემბერს გამართული გასაუბრების დროს მან ეს ინფორმაცია კვლავ უარყო. დოკუმენტების თანახმად, 2026 წლის 25 მარტს კიდევ ერთი გასაუბრებისას მიტჩელმა კვლავ განაცხადა, რომ ამომრჩევლად არასდროს დარეგისტრირებულა და არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
მიტჩელი 25 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ბრალი წაუყენეს ფედერალურ არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმის მიცემის, ნატურალიზაციის უკანონოდ მოპოვების მცდელობისა და ნატურალიზაციის პროცესში ცრუ ინფორმაციის მიწოდების მუხლებით.
„ამერიკის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომლებიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. მათ, ვინც შეგნებულად არღვევს ფედერალურ საარჩევნო კანონმდებლობას, უნდა ესმოდეთ, რომ მათ ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ICE-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის თანაშემწემ მაიკა ბოკმა.
მისი თქმით, საიმიგრაციო სამსახური სავარაუდო ფედერალურ დანაშაულებს უყურადღებოდ ვერ დატოვებს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე არჩევნებს ეხება. „კანონი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს და მის აღსრულებას ვაპირებთ“, - დასძინა მან.



