საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარების შედეგები, პარასპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქართული პარაოლიმპიური მოძრაობის ბოლო წლების პროგრესზე. მისი თქმით, თუ 2012 წლამდე საქართველოში პარაოლიმპიური სპორტის ორი სახეობა ვითარდებოდა და ქვეყანას მხოლოდ სამი პარასპორტსმენი ჰყავდა, დღეს პარასპორტის 15 სახეობაში 300-ზე მეტი სპორტსმენია ჩართული. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის დაფინანსება და პარაოლიმპიელთა ჯილდოები, სტიპენდიები და პრემიული ფონდი ოლიმპიელთა სტანდარტს გაუთანაბრდა.
შეხვედრაზე აღინიშნა ქართველი პარასპორტსმენების წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, პარიზში მოპოვებული ცხრა მედალი და საქართველოს პირველი მონაწილეობა 2026 წლის ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებში.
საუბარი ასევე შეეხო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დიღმის ჭალებში უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის გეგმას.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია. პრეზიდენტის განცხადებით, სპორტის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფიზიკური და სოციალური ბარიერების აღმოფხვრა და განათლებაზე, დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსა და ილგარ რაჰიმოვს ქართული პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.