საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს მაო ფანგს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს მაო ფანგს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს მაო ფანგს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს Meituan-ის ელექტრონული კომერციული პლატფორმის მეშვეობით ქართული პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობები, რაც დამატებითი სავაჭრო არხების შექმნასა და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით პოტენციურ პროდუქტებს შორის დასახელდა ქართული ღვინო, მინერალური წყლები, თხილი, წვენები და საკონსერვო პროდუქცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩინეთის ბაზრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.

Meituan ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმაა. კომპანიის წლიური ბრუნვა 51 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის მომხმარებლებს საკვების მიწოდების, ელექტრონული კომერციის, ტურიზმისა და სხვადასხვა ადგილობრივი მომსახურების სერვისებს სთავაზობს. კომპანიის მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, კატარში, ქუვეითში, ბაჰრეინსა და ბრაზილიაში.

შეხვედრა ვიცე-პრემიერის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.