NBC News: F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიჩიგანში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა
აშშ-ის F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩრდილოეთ მიჩიგანში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება დროულად შეძლო და უსაფრთხოდ გადმოვიდა. ინციდენტი გრანდ ტრავერსის ოლქში, გეგმური საწვრთნელი მისიის დროს მოხდა.
მიჩიგანის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაიკლ კროლმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავი ტეხასის ეროვნული გვარდიის კუთვნილება იყო.
მიჩიგანის შტატის პოლიციის ინფორმაციით, პილოტის მდგომარეობა სტაბილურია და ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.
ერთ-ერთი თვითმხილველის, ნიკოლ კონრადის თქმით, სამხედრო თვითმფრინავი პირველად მისმა შვილებმა შენიშნეს. „მესმის ძლიერი აფეთქების ხმა, შემდეგ კი ვხედავ ფერად პარაშუტს და ამ კაცს, რომელიც ციდან ეშვება“, - განუცხადა მან NBC News-ს.
კიდევ ერთმა თვითმხილველმა, ედ უილსონმა, განაცხადა, რომ დაინახა, როგორ ეცემოდა თვითმფრინავი, რასაც აფეთქება და შავი კვამლი მოჰყვა.
„თვითმფრინავი პირდაპირ ქვემოთ დაეშვა, ცხვირი ზემოთ ჰქონდა მიმართული და შემდეგ გაქრა“, - განაცხადა უილსონმა.