Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტი-LGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა
უნგრეთის მთავრობამ ვიქტორ ორბანის ყოფილი ნაციონალისტური ხელისუფლების მიერ მიღებული ანტი-LGBTQ+ რეგულაციების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ორბანის დროს მიღებული კანონი 18 წლამდე პირებისთვის „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას“ კრძალავდა.
ვიქტორ ორბანის მთავრობა, რომელიც აპრილში ჩატარებულ არჩევნებში 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დამარცხდა, ქრისტიანულ-კონსერვატიულ დღის წესრიგს ატარებდა. 2021 წელს მისმა ხელისუფლებამ აკრძალა 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ხელმისაწვდომ მედიაკონტენტში „ჰომოსექსუალობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია“, ასევე გენდერის შეცვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
ორბანის განცხადებით, ანტი-LGBTQ+ კანონების მიზანი ბავშვების დაცვა იყო, თუმცა შეზღუდვებს მკაცრად აკრიტიკებდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები და ევროკავშირი.
უნგრეთის იუსტიციის ახალმა მინისტრმა მარტა გოროგმა მაისში განაცხადა, რომ ქვეყანას LGBTQ+ თემატიკის შემცველი კონტენტის ხელმისაწვდომობის შემზღუდველი კანონმდებლობის გადახედვა მოუწევდა. ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ აპრილში დაადგინა, რომ უნგრეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და ხელს უწყობდა გეი და ტრანსგენდერი ადამიანების სტიგმატიზაციასა და მარგინალიზაციას.
პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი, რომელმაც აპრილის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებას დაჰპირდა. უნგრეთის ევროკავშირის პოლიტიკურ მეინსტრიმში დაბრუნება ასევე გულისხმობს დემოკრატიულ სტანდარტებთან და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებას.