შიდა ქართლის პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი და ტყვიები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



