სომხეთის პარლამენტმა „ტრამპის მარშრუტის“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
სომხეთის ეროვნულმა კრებამ რატიფიცირება მოახდინა TRIPP-ის ჩარჩო ხელშეკრულების, რომელიც „ტრამპის მარშრუტით“ არის ცნობილი. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
რატიფიცირებას მხარი 63 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 32 იყო.
შეთანხმება სარატიფიკაციოდ პარლამენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარუდგინა. როგორც მირზოიანმა განხილვის დროს განაცხადა, მარშრუტის მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე იქნება, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ იფუნქციონირებს.
მინისტრის განცხადებით, პროექტი ყველა რეგიონული კომუნიკაციის განბლოკვას გულისხმობს, რაც სომხეთს აზერბაიჯანის გავლით მესამე ქვეყნებთან დააკავშირებს, ხოლო აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან ნახიჩევანთან ექნება პირდაპირი კავშირი.
შეთანხმების თანახმად, შეიქმნება კომპანია TRIPP Development Company, აქციების 26% სომხეთის საკუთრება იქნება, ხოლო 74% - აშშ-ის. შეთანხმების ვადა 49 წელი იქნება. თუ 49 წლის შემდეგ მხარეები შეთანხმებას 50 წლით გაახანგრძლივებენ, მაშინ სომხეთის წილი პროექტში 49%-მდე გაიზრდება, ხოლო ამერიკის - 51%-მდე შემცირდება.
შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ხელი 2026 წლის 1 ივნისს ვაშინგტონში არარატ მირზოიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის მოეწერა.



