ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
ესპანეთში, მადრიდისა და სამხრეთით მდებარე ანდალუსიის რეგიონის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters- კასტილია-ლა მანჩის რეგიონულ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კასტილია-ლა მანჩის რეგიონული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ლიანდაგიდან გადასული მატარებელი, რომლის სულ მცირე ერთი ვაგონი ამაღლებულ სარკინიგზო მონაკვეთზეა გაჩერებული. ლიანდაგის ქვემოთ, ფერდობზე, დაზიანებული ლითონის კონსტრუქციები, დამსხვრეული პანელები და მატარებლის ნამსხვრევებია მიმოფანტული.
რადიო COPE-თან საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა, მიგელმა, რომელიც კოლეგებთან ერთად ერთ-ერთი მატარებლის ბოლო ვაგონში იმყოფებოდა, ავარიის მომენტი გაიხსენა.
„ძლიერი გრუხუნი გავიგონეთ, ისეთი ძლიერი დარტყმა, რომელიც დაახლოებით 10 წამს გაგრძელდა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მატარებელი ლიანდაგიდან უნდა გადასულიყო. მარჯვენა მხარეს მდებარე ფანჯრიდან დაზიანებული მატარებელი დავინახეთ. ვფიქრობ, ის მეორე მატარებელი უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა მგზავრმა.
კასტილია-ლა მანჩის რეგიონულმა მთავრობამ დაადასტურა, რომ დაღუპულთა რაოდენობა თავდაპირველად გავრცელებული 10-დან 30-მდე გაიზარდა. მანამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაზრდილიყო.
როგორც Reuters-ი წერს, ესპანეთში მსგავსი მასშტაბის სარკინიგზო ავარია ცხრა თვის წინაც მოხდა. იანვარში, კორდობის პროვინციაში, ადამუსის მახლობლად, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა. იმ შემთხვევას 46 ადამიანი ემსხვერპლა.



