რევაზ სოხაძე: მთავრობის მიზანია, ყველა კომპანიას თანაბარ პირობებში, სამართლიანი და გამჭვირვალე წესებით შეეძლოს ინფრასტრუქტურულ სექტორში საქმიანობა

რევაზ სოხაძე: მთავრობის მიზანია, ყველა კომპანიას თანაბარ პირობებში, სამართლიანი და გამჭვირვალე წესებით შეეძლოს ინფრასტრუქტურულ სექტორში საქმიანობა

თავდაპირველად ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებაზე და საუბრებზე ბიზნესის ნაწილს ჰქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება, ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ, თუნდაც ხარისხზე როდესაც დავიწყეთ საუბარი. იგრძნობოდა, რომ აი, ახალი მინისტრია ახალი პოზიცია აქვს და გავა დრო და მილევად რეჟიმში გადავა. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ბიზნესთან და ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ბიუროკრატია მაქსიმალურად მოქნილი გავხადოთ, რომ მათთვის კომფორტული იყოს ბიზნესის კეთება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა სამშენებლო სექტორში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესთან თანამშრომლობისა და სახელმწიფო შესყიდვებში ახალი კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მთავრობის მიზანია, ყველა კომპანიას თანაბარ პირობებში, სამართლიანი და გამჭვირვალე წესებით შეეძლოს ინფრასტრუქტურულ სექტორში საქმიანობა. ამ მიზნით, სახელმწიფო მუშაობს ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებასა და ბიზნესისთვის მოქნილი გარემოს შექმნაზე.

რევაზ სოხაძის თქმით, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციების არსებობა ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია, რადგან მხარეებს განსხვავებული ინტერესები აქვთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, არსებობდეს საერთო ხედვა სექტორის განვითარებისა და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით.

„ბუნებრივია, იარსებებს საკითხები, რომლებზეც ვერ შევთანხმდებით, რადგან ბიზნესი ორიენტირებულია, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს, ჩვენ კი - რაც შეიძლება ხარისხიანი ინფრასტრუქტურა ავაშენოთ და ამასთან, მაქსიმალურად ხარჯ ეფექტურები ვიყოთ. ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია. თუმცა, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ვთანხმდებით და მთავრობა ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ ნებისმიერ ბიზნესმენს ამ სექტორში საქმიანობის თანაბარი პირობები და სამართლიანი თამაშის წესები ჰქონდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად სატენდერო პირობების გადახედვა დაასახელა, რომლის შედეგადაც საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა სამოქალაქო მშენებლობის სფეროში გამოცდილ კომპანიებსაც მიეცათ.

მინისტრის განცხადებით, ამ ცვლილების პირველი კონკრეტული შედეგია გომბორის გზის რეაბილიტაციის პროექტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანია, რომელსაც მანამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არ უმუშავია, ამ სფეროში სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებული გახდა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მაგალითი სხვა კომპანიებისთვისაც იქნება მოტივაცია ჩაერთონ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სექტორში ახალი მოთამაშეების გამოჩენა, რაც კონკურენციას გაზრდის და სამშენებლო ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

რევაზ სოხაძის განცხადებით, დადებითი ტენდენცია შეინიშნება სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებითაც - სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა დაიწყეს ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც მანამდე ამ პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდნენ. ეს კი, მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო ტენდერების მიმართ ნდობის ზრდაზე მიუთითებს.

მინისტრის თქმით, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, სექტორში კვლავ არსებობს გამოწვევები და სახელმწიფო მუშაობას აგრძელებს მათი დროულად აღმოფხვრისთვის.

ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრსტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.