ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე 37 კომპანიითა და სამი პავილიონით წარდგება

ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე 37 კომპანიითა და სამი პავილიონით წარდგება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - China International Import Expo (CIIE 2026) 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით მიიღებს მონაწილეობას.

გამოფენაზე საქართველო ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო საქონლის პავილიონებით იქნება წარმოდგენილი.

ქართული კომპანიები საერთაშორისო მყიდველებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ და პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

გამოფენის ფარგლებში პირველად გაიმართება ქართული და ჩინური კომპანიების B2B შეხვედრები პოტენციურ მყიდველებთან და ბიზნესპარტნიორებთან. შეხვედრები ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ პირდაპირი საქმიანი კონტაქტები დაამყარონ, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები და გააფართოონ ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის პერსპექტივები.

წელს ეროვნული პავილიონის კონცეფცია ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას დაეთმობა.

პავილიონის გაფორმებაში გამოყენებული იქნება ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მოტივები.

სტუმრები გაეცნობიან ქართული ჭადრაკის ისტორიას და შესაძლებლობა ექნებათ თავადაც ითამაშონ ჭადრაკი.

ეროვნულ პავილიონში ასევე გაიმართება ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლები ქართული დამწერლობის ისტორიასა და უნიკალურობას გაეცნობიან.

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი.

გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა, ახალი სავაჭრო კავშირების დამყარება და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება.

ინვესტიციების სააგენტო ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რაც მათ პოტენციურ მყიდველებთან და ბიზნესპარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველო China International Import Expo-ში ყოველწლიურად, უკვე მეცხრედ მონაწილეობს. გამოფენა ჩინეთის ქალაქ შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება.