ქალაქ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში არსებულ ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ მდგომარეობას კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო
ქალაქ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში არსებულ ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ მდგომარეობას კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო. მინისტრს თეატრის რეაბილიტაციის და ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია თეატრის დირექტორმა ვახტანგ ჯუღელმა გააცნო.
თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს. შენობის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს
„დიდი ქართველი მსახიობის, უშანგი ჩხეიძის სახელის მატარებელი ეს თეატრი ზესტაფონისა და სრულიად რეგიონის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ ქართული თეატრის წარმატებისთვის აუცილებელი ყველა პირობა. ვგეგმავთ ზესტაფონის თეატრის შენობის მასშტაბურ რეაბილიტაციას. ამ მსხვილი სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება ზესტაფონს დაუბრუნებს სრულიად განახლებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ თეატრალურ სივრცეს, რაც რეგიონში შემოქმედებითი ცხოვრების გააქტიურების საფუძველს შექმნის“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში) ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორია 1875 წლიდან იწყება. ამ წელს დაბა ყვირილაში, დღევანდელ ზესტაფონში, ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა პირველი წარმოდგენები გამართეს.
1897 წელს მოეწყო თეატრალური შენობა, რომელიც1901 წელს ხანძარმა გაანადგურა. ახალი შენობა 1904 წლის 30 მაისს გაიხსნა. 1939 წელს დაარსდა ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი და პირველი თეატრალური სეზონი ვ. გაბისკირიას პიესით „მათი ამბავი“ დაიწყო, რომლის რეჟისორიც დოდო ანთაძე იყო. 1949 წელს სახელმწიფო თეატრი დაიხურა, თუმცა დრამატული წრეების სახით თეატრალური საქმიანობა გაგრძელდა. 1962 წელს გაიხსნა ახალი შენობა, სადაც სახალხო თეატრი ფუნქციონირებდა, ხოლო1964 წელს მას უშანგი ჩხეიძის სახელი მიენიჭა. სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის/აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება 1990 წელს იქნა მიღებული. 1991 წლიდან თეატრი შემოქმედებით საქმიანობას განაგრძობს სახელით - ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულისახელმწიფო დრამატული თეატრი. თეატრის რეპერტუარში სხვადასხვა პერიოდის ქართული და უცხოური დრამატურგიის ნაწარმოებები შედიოდა. ზესტაფონის თეატრი მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ თეატრალურ ფესტივალებში.
2023 წელს თეატრმა დააარსა კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი „უშანგი“.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.



