კაროლ ნავროცკი: პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ღამით ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა და სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოს ძალის გამოყენებით დაეუფლნენ.
ნავროცკის განცხადებით, მან კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს პირველ თავმჯდომარესთან ზბიგნევ კაპინსკისთან გამართა, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაუფლების თვითნებურად მიმთვისებელი პირების მოქმედებებს კანონიერად არ მიიჩნევს.
პოლონეთის პრეზიდენტი მთავრობას სასამართლოს ტერიტორიიდან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების გაყვანისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ სამართლებრივი წესრიგის აღდგენისკენ და მთავრობის მიერ ადგილზე გაგზავნილი ძალოვანი სტრუქტურების მიერ სასამართლოს ტერიტორიის დატოვებისკენ“, - ნათქვამია ნავროცკის განცხადებაში.
ნავროცკის თქმით, მან საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლის შესაძლებლობა მისცა სასამართლოს კანონიერად მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, მოსამართლე ბართლომე სოხანსკის.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის შიდა უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხის გამო, დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან გადაუდებელ კონსულტაციებს გამართავს. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაცია და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა.
ნავროცკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან იმყოფება და, მისი შეფასებით, პოლონეთის კონსტიტუციას იცავს.



