ირაკლი ბენდელიანი: პირობა, რომელიც მოსახლეობას თავიდანვე მივეცით, ძალაშია - რუსთაველის გამზირზე სამუშაოებს ნოემბრის ბოლოს დავასრულებთ
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გარკვეული ტელეკომპანიების თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოსდა თბილისის მერიას რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ოქტომბერში უნდა დაესრულებინა და ეს ვერ მოახერხა.
როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული დეზინფორმაციისმიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, ვინაიდან გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადად იმთავითვე ნოემბერი იყო განსაზღვრული.
„ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენიმე ტელეარხის საშუალებით მიმდინარეობს არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, თითქოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა. აღნიშნულის მიზანი არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ არცერთ ჩვენს ოფიციალურ კომენტარში, რომელსაც ასევე ის ტელეარხებიც იწერდნენ, რომლებიც დღეს ამ შეცდომას ავრცელებენ, არასდროს თქმულა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდებოდა ოქტომბრის თვეში. ყოველთვის, პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბერში. ახლაც ხაზგასმით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ის პირობა, რაც ჩვენ მოსახლეობას თავიდანვე მივეცით, ძალაშია და ნოემბრის ბოლოს დავასრულებთ სამუშაოებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომელთა მიზანი თბილისის მერიისა და მისი სამსახურების ანტიპიარია.
ირაკლი ბენდელიანმა ასევე განმარტა, რომ გამზირის რეაბილიტაციაზე 10-მდე კომპანია მუშაობს და თუკი რომელიმე მათგანთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, ეს სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადებზე არ აისახება.
„მოსახლეობისთვის უფრო მეტად გასაგები რომ იყოს, მინდა ვთქვა, რომ რუსთაველის გამზირზე მუშაობს არაერთი კომპანია. ესენი არ არიან მხოლოდ საგზაო კომპანიები, დაახლოებით, 10 კომპანია მუშაობს, რომელთაგან ყველას აქვს თავისი ვადები, სამუშაო მოცულობები და გაწერილი გრაფიკი. თითოეულ ამ კონკრეტულ ხელშეკრულებაში სად რა ცვლილება შევა, სად გაიზრდება მოცულობები, სად რა შემაფერხებელი გარემოებები იქნება, ეს არის სამუშაო პროცესი. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ის პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს აღებული, რომ ნოემბრის ბოლოს უნდა დავასრულოთ სამუშაოები, შესრულებული იქნება - სამუშაოებს ნამდვილად დავასრულებთ ნოემბრის ბოლოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილემ მოუწოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს თუ ტელევიზიებს, შეწყვიტონ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.



