მიგრაციის დეპარტამენტმა თურქეთში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა და საქართველოდან გააძევა

მიგრაციის დეპარტამენტმა თურქეთში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა და საქართველოდან გააძევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაამოწმეს კონკრეტული ლოკაცია, სადაც აღნიშნული პირი შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა, რაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაძევების საფუძველია.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათ შორის: განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვის, დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით ჩადენილი მკვლელობის, ქრთამის მიცემის, მუქარისა და თაღლითობის ბრალდებით.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებული პირის ესკორტირება „სარფის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე განახორციელეს, სადაც იგი შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.