Fox News: 9 ნოემბერი ირანზე აშშ-ის შესაძლო იერიშის თარიღად განიხილება

Fox News: 9 ნოემბერი ირანზე აშშ-ის შესაძლო იერიშის თარიღად განიხილება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლების საკითხი განიხილა.

Fox News-ის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ყურადღებას ამახვილებენ 9 ნოემბერზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ახალმთვარეობაა და ღამით ცა თითქმის სრულიად ბნელი იქნება. ეს კი სამხედრო ოპერაციებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

ტელეარხის ცნობით, ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრები თეთრ სახლში ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გამართა.

ხუთშაბათს ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან ომის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

„გვინდა თუ არა, რომ დარტყმები გავაგრძელოთ და დავრწმუნდეთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია და ეს აღარასდროს განმეორდება? მირჩევნია, თუკი შესაძლებელია, ქვეყნის დანარჩენი ნაწილი არ გავანადგურო, მაგრამ შესაძლოა ამის გაკეთება მომიწიოს. გადაწყვეტილების შესახებ მალე შეიტყობთ“, - განაცხადა ტრამპმა.

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლებისთვის მზადებას ასრულებს, თუმცა ვაშინგტონისგან ახალი ბრძანება ჯერ არ მიუღია.

ამასთან, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ერაყის ტერიტორია მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმების განსახორციელებლად არ უნდა გამოიყენონ.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერაყის პოზიცია, რომელიც სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემას და მეზობელ ქვეყნებზე აგრესიის განსახორციელებლად ერაყის ტერიტორიის გამოყენების დაუშვებლობას გულისხმობს“, - ნათქვამია ერაყის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.