ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი, პირველი მოსმენით განიხილეს.
მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით ერთმანეთისგან იმიჯნება პროფილური და არაპროფილური წყალმომხმარებლების სამართლებრივი სტატუსები და ზუსტდება კანონის მოქმედების სფეროები. კერძოდ, კანონის მოქმედების სფეროდან გამოირიცხება არაპროფილური წყალმომხმარებლისთვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. აღნიშნული ცვლილება გამომდინარეობს პროფილური (საირიგაციო) და არაპროფილური (არასაირიგაციო) წყალმომხმარებლების სამართლებრივი სტატუსების გამიჯვნის საჭიროებიდან და მიზნად ისახავს არაპროფილური წყალმომხმარებლებისთვის, მომსახურებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ამ კანონის ფარგლებს გარეთ მოწესრიგებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ცვლილების შედეგად ზუსტდება შესაბამისი ტერმინები და პროფილურ წყალმომხმარებლად განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ან სხვა წყალმომხმარებელი, რომელიც წყალს პირველადი წყალმოსარგებლისგან საირიგაციო სისტემის მეშვეობით იღებს და საირიგაციო მიზნით მოიხმარს.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებით, წყლის რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გადამხდელები და გარკვეული ტერმინები ზუსტდება.
სხდომაზე კომიტეტის წევრები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებსაც გაეცნენ, რომლებიც კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.



