ბათუმში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე, სრულად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატა, რომელიც 385 აღსაზრდელზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე ესწრებოდნენ.
ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია მუნიციპალური საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, შენობებში ენერგიის მოხმარების მინიმუმ 20%-ით შემცირება, უსაფრთხოებისა და კომფორტის გაუმჯობესება და ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.
პარალელურად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა საბავშვო ბაღის ეზოსა და გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
აღნიშნული უკვე მეოთხე საბავშვო ბაღია, რომელიც ახალ სააღმზრდელო წელს ბათუმში გაიხსნა.



