გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.

მოსამართლე ნინო თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.

უფრო კონკრეტულად, ლილუაშვილს ედავებოდნენ, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, იმ დროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი თანხებს ე.წ. ატკატების სახით იღებდნენ, რისი მფარველობისთვისაც, ქრთამის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილთან უშუალოდ კახაბერ გვანცელაძეს მიჰქონდა.

გრიგოლ ლილუაშვილს ასევე, ბრალად ჰქონდა წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების" მფარველობა. ბრალდების თანახმად, მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში.

სუს-ის ყოფილ უფროსსს, ასევე ედავებოდნენ ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.

გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.