შალვა პაპუაშვილი: ალიანსიდან გარიცხეს, გავიდა, გამიჯნეს - ეს ყველაფერი ჩვენთვის დადგმული სპექტაკლია. ამ იწილო-ბიწილოს უკვე 14 წელია ვუყურებთ

შალვა პაპუაშვილი: ალიანსიდან გარიცხეს, გავიდა, გამიჯნეს - ეს ყველაფერი ჩვენთვის დადგმული სპექტაკლია. ამ იწილო-ბიწილოს უკვე 14 წელია ვუყურებთ

ალიანსიდან გარიცხეს, გავიდა, გამიჯნეს - ეს ყველაფერი ჩვენთვის დადგმული სპექტაკლია, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების ალიანსში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ ალიანსის მთავარი ამოცანაა, ზეწოლა მოახდინოს საქართველოს გადაწყვეტილებებზე, ხოლო მისმა წევრებმა აირჩიეს გზა, რომლითაც საკუთარ ქვეყანას აზიანებენ.

„ეს არის ფარსი. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსთან და იმ ალიანსში შემავალ თუ არშემავალ პარტიებთან ერთად, რომლებიც ერთი გეგმითა და მიზნით მოქმედებენ — დაასუსტონ ქვეყანა. მათი მთავარი ამოცანაა, იყვნენ ბერკეტი უცხოელების ხელში, რათა ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე.

ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ მოსწონთ ის, რომ არ ვერთვებით ესკალაციის პოლიტიკაში, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს არჩეული და არ გვინდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყანა დავაზიანოთ. მათ აირჩიეს გზა, რომლითაც საკუთარ ქვეყანას აზიანებენ. ეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ნაწილია — საკუთარი მოსახლეობის დაზიანება, რისთვისაც შესაბამის პასუხსაც იღებენ.

ქალაქებში მიმდინარე დემონსტრაციებიც ამის შედეგია — ხალხი ხელისუფლებას მხარს არ უჭერს. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებების უმეტესობას ნეგატიური რეიტინგი აქვს. მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტია მათი მხარდამჭერი, 80-90 პროცენტი კი საკუთარ ხელისუფლებას მხარს არ უჭერს. გერმანია ავიღოთ, საფრანგეთი. ფაქტობრივად, ხელისუფლებები საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ. ამიტომაც არის, რომ მათ ქალაქებს ცეცხლი ეკიდება.

მათ იყენებენ ინსტრუმენტად, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოს გადაწყვეტილებებზე და ჩვენც იმ კონფრონტაციისა და ესკალაციის პოლიტიკაში ჩაგვრთონ, რომელსაც დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება.

ასე რომ, ეს — ალიანსიდან გარიცხეს, გავიდა, გამიჯნეს — ფარსია. რამდენჯერ უნდა ვნახოთ ეს კინო დაშლისა და შემდეგ ისევ გაერთიანების შესახებ, რომ ბოლოს მივხვდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვის დადგმული სპექტაკლია? ამ იწილო-ბიწილოს უკვე 14 წელია ვუყურებთ“, — განაცხადა პაპუაშვილმა.