ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასკვნით ეტაპზეა 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს უფრო დიდი გაბარიტის საჰაერო ხომალდები მიიღოს, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.
ლევან მოსეშვილის თქმით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 2026 წლის ბოლოს გაიხსნება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უფრო შორ მანძილზე პირდაპირი ფრენას შეუწყობს ხელს.
„ქუთაისის აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ტვირთების გადაზიდვა. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სატვირთო ტერმინალების განვითარებასა და საჰაერო გადაზიდვების დაწყებას. თბილისის პარალელურად, ქუთაისის აეროპორტიც ჩაერთვება ქვეყნის სატვირთო გადაზიდვებში“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გაიხსნა ბიზნესლაუნჯიც. როგორც ლევან მოსეშვილმა აღნიშნა, ეს აეროპორტისთვის ახალი სერვისია.
„დღესდღეობით ბიზნესლაუნჯი წარმატებით ფუნქციონირებს. მოთხოვნილებამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. გარდა ბიზნესლაუნჯისა, გავხსენით სწრაფი გასასვლელი, ე.წ. Fast Track-იც, რაც მგზავრებისთვის დამატებითი სერვისი და კომფორტია“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.