პრემიერი: საშუალო ეკონომიკური ზრდა 3 კვარტლის მონაცემებით არის 7,4%; სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წინასწარ პროგნოზს მნიშვნელოვნად ვაჭარბებთ. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ასევე ხელი შეუწყო მაღალი ტემპის შენარჩუნებას, არის კორუფციის დამარცხება ზედა დონეზე. ამ კუთხით გვქონდა გამოწვევები, თუმცა პრინციპულად გადავჭერით ეს საკითხი
საშუალო ზრდა 3 კვარტლის მონაცემებით არის 7,4%. ეს ნიშნავს იმას, რომ სავალუტო ფონდის წინასწარ პროგნოზს და ასევე მსოფლიო ბანკის წინასწარ პროგნოზს მნიშვნელოვნად ვაჭარბებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ წლის ბოლოსაც ეს პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდება.
„ამ ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები. ეს არის, პირველ რიგში, საერთო ეკონომიკური გარემო, რომელიც არის შექმნილი; ჩვენი სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა და ბიუროკრატიის სიმარტივე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში.
ასევე ცალკე მინდა გამოვყო, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტური და ეფექტიანი მუშაობა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ასევე ხელი შეუწყო მაღალი ტემპის შენარჩუნებას, არის კორუფციის დამარცხება ზედა დონეზე. ამ კუთხით გვქონდა გამოწვევები, თუმცა პრინციპულად გადავჭერით ეს საკითხი. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის იგივე ტემპი, რაც გვქონდა გასულ წელს, მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თუნდაც ჩვენს რეგიონს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველგან არის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებული, რეგიონული და გლობალური პროცესებიდან გამომდინარე და ამ ფონზე ჩვენ მოვახერხეთ იმავე ტემპის შენარჩუნება. კორუფციასთან ბრძოლა ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო“, - აღნიშნა პრემიერმა.



