რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რატიფიცირებისთვის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ წარადგინა.

შეთანხმების თანახმად, კახეთის რეგიონში ოთხზოლიანი და გზატკეცილის გასწვრივ, ორზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოსთვის, სესხის სახით, 154 მილიონ ევროს გამოყოფს.

მომხსენებლის განმარტებით, სესხის ხანგრძლივობა 25 წელს შეადგენს, საიდანაც 10 წელი შეღავათიანი პერიოდია.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.

„კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საგზაო პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს საშუალებას მოგვცემს, 3 წლის შემდეგ კახეთის მთელ რეგიონთან დაკავშირებადობა სხვა ხარისხში ავიყვანოთ. ეს მოიცავს ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო გადაადგილებასა და მოგზაურობის დროის შემცირებას. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონი დედაქალაქს კიდევ უფრო დაუხლოვდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო შეთანხმების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.