ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი მათიას გიომარი: ნება მომეცით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა მოსამართლის სახელით მოგილოცოთ თქვენი სასამართლოს დაარსების 30 წლის იუბილე. ჩვენი ურთიერთობა დიალოგსა და ნდობაზეა დაფუძნებული. თქვენი სასამართლო ხშირად ეყრდნობა ჩვენს სასამართლო პრაქტიკას

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი მათიას გიომარი: ნება მომეცით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა მოსამართლის სახელით მოგილოცოთ თქვენი სასამართლოს დაარსების 30 წლის იუბილე. ჩვენი ურთიერთობა დიალოგსა და ნდობაზეა დაფუძნებული. თქვენი სასამართლო ხშირად ეყრდნობა ჩვენს სასამართლო პრაქტიკას

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა, მათიას გიომარიმ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებებისგან დაცვის გარანტი და დემოკრატიის საყრდენია.

გიომარიმ ხაზი გაუსვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპულ სასამართლოს შორის თანამშრომლობისა და სამართლებრივი დიალოგის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.

„პრეზიდენტო ნადარაია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებო, ქალბატონებო და ბატონებო, ნება მომეცით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა მოსამართლის სახელით მოგილოცოთ თქვენი სასამართლოს დაარსების 30 წლის იუბილე.

მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ძვირფასი მეგობრის, მოსამართლე ლადო ჭანტურიას მიმართ, რომელიც დღევანდელ ცერემონიაზე სასამართლოს წარმოადგენს.

გასული სამი ათწლეული საქართველოს ხანგრძლივი კონსტიტუციური ისტორიის უახლესი ეტაპია. ეს ისტორია სათავეს 1921 წლის კონსტიტუციიდან იღებს - დოკუმენტიდან, რომელიც თავის დროზე უაღრესად პროგრესული იყო, რადგან მოიცავდა ადამიანის უფლებათა ჩამონათვალს, უზრუნველყოფდა გენდერულ თანასწორობას და აუქმებდა სიკვდილით დასჯას. ეს პრინციპები აისახა საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციაშიც, რომლის 30 წლის იუბილე აღინიშნა.

ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: წევრი სახელმწიფოების ეროვნული კონსტიტუციური იდენტობები იმ საერთო მემკვიდრეობის ნაწილია, რომელსაც ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია — ჩვენი საერთო სამართლებრივი და მორალური ორიენტირი.

თქვენ ხართ კონსტიტუციური წესრიგისა და საქართველოში ხელისუფლების დანაწილების სისტემის გარანტები. ჩვენი ევროპული სასამართლო კი ევროპულ მასშტაბზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოადგენს. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, განვმარტოთ და გამოვიყენოთ კონვენცია, როგორც ამ ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციური ინსტრუმენტი.

ჩვენი ურთიერთობა დიალოგსა და ნდობაზეა დაფუძნებული. თქვენი სასამართლო ხშირად ეყრდნობა ჩვენს სასამართლო პრაქტიკას, მაგალითად, 2009 წლის გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდა. თავის მხრივ, ჩვენი სასამართლოც მიუთითებს თქვენს გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, 2021 წლის საქმეში — „გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ — მოხსენიებულია თქვენი სასამართლოს პოზიცია გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ასევე, 2023 წლის საქმეში — „ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ — მითითებულია თქვენი სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს გარანტიების თაობაზე.

ჩვენი სასამართლო დიალოგი ასევე მოიცავს ცოდნის გაზიარებას უმაღლეს სასამართლოთა თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის აქტიური წევრიც თქვენი სასამართლო 2017 წლიდან არის. ეს კონსტრუქციული სასამართლო დიალოგი ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ამავდროულად, ეს სასამართლო ერთიანობის გამოხატულებაა, რაც ასე საჭიროა დღევანდელ არასტაბილურ გარემოში.

სასამართლო დამოუკიდებლობისთვის შექმნილი გამოწვევები, რომლებსაც დღეს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ვხედავთ, შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ფარგლებში სიფრთხილით მოქმედება. ეს გულისხმობს პასუხისმგებლობის გამოჩენას, სასამართლო პრაგმატიზმის გამოყენებას, კონტექსტის, ფუნდამენტური ღირებულებებისა და კანონის მიზნისადმი ერთგულებას.

უპირველეს ყოვლისა, მოსამართლეების როლია, სასამართლო დამოუკიდებლობის გზით დაიცვან დემოკრატიის საყრდენი ბოძი და თავიდან აიცილონ მისი შესუსტება. სასამართლოები წარმოადგენენ ბარიერს ხელისუფლების წარმომადგენელთა თვითნებური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, რაც სამართლის უზენაესობის სრული ანტიპოდია. ჩვენი გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების შელახვის მცდელობებისგან დაცვის გარანტიაა. ეს უფლებები კი, კონვენციის პრეამბულის თანახმად, მსოფლიოში სამართლიანობისა და მშვიდობის საფუძველს წარმოადგენს. ვინაიდან მოსამართლეების გარეშე სამართლის უზენაესობა ვერ იარსებებს, ხოლო სამართლის უზენაესობის გარეშე დემოკრატიაც შეუძლებელია.

სასამართლო ერთიანობის ამ სულისკვეთებით, ნება მომეცით, გამოვხატო ჩვენი სურვილი, რომ თქვენმა სასამართლომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განვითარებაში, ევროპული სასამართლოს განმტკიცებასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში“, — აღნიშნა მათიას გიომარიმ.