უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა წინასასამართლო გამოძიებათა რეესტრში შეიყვანოს ცნობები საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დავით არახამიას მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საუბარია იმაზე, რომ არახამია, სავარაუდოდ, უმაღლეს რადაში საჭირო კანონპროექტების მხარდასაჭერად დეპუტატებს ფულებს კონვერტით ურიგებდა.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოძიება ჩაატარეს და მოქმედი დეპუტატებისგან შემდგარი ჯგუფი გამოავლინეს.

ჩატარებული გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები უკრაინის უმაღლეს რადაში ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხებს სისტემატურად იღებდნენ. სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ქრთამის აღების საქმეზე ბრალი ხუთ დეპუტატს წარუდგინა. პროკურატურის თქმით, ქრთამის ოდენობა 2 000-დან 20 000 დოლარამდე იყო.

ქრთამის აღების საქმეზე გასული წლის ბოლოს ჩხრეკა არახამიას თანაშემწის სახლშიც ჩატარდა.