ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევების საბოლო შედეგები გამოაქვეყნა - ნეტანიაჰუს ბლოკს 53 ამნდატი ერგება

ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევების საბოლო შედეგები გამოაქვეყნა - ნეტანიაჰუს ბლოკს 53 ამნდატი ერგება

ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

საბოლოო შედეგების მიხედვით, ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ბლოკმა ქნესეთში 53 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციონერი გადი აიზენკოტის ბლოკმა - 48, არაბულმა პარტიებმა კი ჯამში 19 მანდატი მიიღეს.

არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 77,9% შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საბოლოო ოფიციალური შედეგები ისრაელის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს ოთხშაბათს გადაეცემა, მას შემდეგ, რაც კომისია შესაძლო შეცდომებსა და საჩივრებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. ამის შემდეგ ჰერცოგი თითოეული პარტიის ლიდერს შეხვდება. ისინი პრეზიდენტს წარუდგენენ კანდიდატს, რომელსაც, მათი აზრით, ახალი მთავრობის ფორმირება უნდა დაევალოს.

ქნესეთის ახალი შემადგენლობის ფიცის დადება 10 ნოემბერს არის დაგეგმილი, მთავრობის ფორმირების მცდელობების შედეგის მიუხედავად. კოალიციის შექმნის პროცესი რთულად პროგნოზირებადია და შესაძლოა ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდეს. ამ ეტაპზე ვერცერთი ბლოკი ვერ უახლოვდება მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო 61-მანდატიან უმრავლესობას.

ისრაელის პრეზიდენტმა პარტიების ლიდერებს უკვე მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ ახალი არჩევნების თავიდან ასაცილებლად.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, რათა არჩევნების კიდევ ერთი რაუნდი ავიცილოთ თავიდან. ამიტომ ველოდები, რომ ყველა, ვინც აქ მოვა, მოლაპარაკებებს ღია გონებით მიუდგება“, - განაცხადა ჰერცოგმა.

როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისე გადი აიზენკოტმა განაცხადეს, რომ მომდევნო მთავრობის ფორმირებას სწორედ ისინი შეძლებენ.

ისრაელში არჩევნები სამშაბათს, წინა საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი წლის შემდეგ გაიმართა. მანამდე ქვეყანამ სამწლიანი პერიოდის განმავლობაში ხუთჯერ ჩაატარა არჩევნები, თუმცა პირველ ოთხ შემთხვევაში სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა.