Reuters: პენტაგონი ბალტიის ქვეყნებს რუსეთის საფრთხეზე საჯარო განცხადებების შერბილებისკენ მოუწოდებს
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას, მათ შორის ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, მოუწოდეს, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე საჯარო განცხადებების ტონი შეარბილონ.
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ევროპელი ლიდერებისა და ოფიციალური პირების ზოგიერთი განცხადება კონტინენტის უსაფრთხოებას აზიანებს.
როგორც სააგენტო წერს, აშშ-ის მოთხოვნა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების მცდელობა განაახლა. ომი მეხუთე წელია გრძელდება. ვაშინგტონის ბოლო ინიციატივა რუსეთისთვის გარკვეული შეღავათების, მათ შორის სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას, უკრაინაზე კი რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის მიზნით ზეწოლას აერთიანებს.
ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა: „მოკავშირეებს შორის პირადი საუბრები სწორედ პირადი საუბრებია, ამიტომ ამ ბრალდებებზე კომენტარს არ გავაკეთებთ“.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირების ყურადღება ევროპელი ლიდერების იმ განცხადებებმა მიიპყრო, რომლებშიც ნათქვამია, რომ რუსეთი კუთხეშია მიმწყვდეული და უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფრონტზე წინსვლის შენელების ფონზე, სულ უფრო სასოწარკვეთილ ნაბიჯებს მიმართავს.
წყაროების ინფორმაციით, ამ გზავნილის გადაცემაში მონაწილეობდა პენტაგონის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ელბრიჯ კოლბი, რომელიც ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის გადახედვის პროცესშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. Reuters-მა ვერ დაადგინა, კიდევ რომელი ამერიკელი ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ ამ პროცესში.
კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, ცალკე გამართულ შეხვედრაზე პენტაგონმა ესტონეთის დელეგაციას განცხადებებში „თავშეკავებისკენ“ მოუწოდა. ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, პენტაგონის რჩევები მეგობრული ტონით იყო ნათქვამი, თუმცა ამგვარმა მოწოდებებმა გაკვირვება გამოიწვია.
უცნობია, კონკრეტულად რომელ განცხადებას გულისხმობდა კოლბი. თუმცა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა სექტემბრის ბოლოს ვლადიმირ პუტინი „კუთხეში მიმწყვდეულ ვირთხას“ შეადარა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების შეფერხების ფონზე, რუსეთის ლიდერი ევროპაში დივერსიულ ქმედებებს მიმართავდა.
„ჩვენ გეხმარებით. ამერიკელები თქვენს გვერდით არიან. უბრალოდ, ნუ იქნებით ხმაურიანები. ნუ ატეხთ ხმაურს“, - ასე აღწერა პენტაგონის ბოლო გზავნილები Reuters-თან საუბრისას ევროპის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა.



