ინდოეთის ჩრდილოეთში ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ სულ მცირე 62 ადამიანი იმსხვერპლა
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის შტატში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ და წყალდიდობამ სულ მცირე 62 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
შტატის მთავრობის ინფორმაციით, დაშავდა 46 ადამიანი, ხოლო სამდღიანი ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონში წყალდიდობა განვითარდა და 1 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
ორშაბათს შტატის რამდენიმე რაიონში, მათ შორის დედაქალაქ ლაქნაუში სკოლები დაიხურა. სამაშველო ჯგუფებს დატბორილი ტერიტორიებიდან მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავდათ.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდეს, დატბორილ ტერიტორიებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სწრაფი დინების მდინარეებს, ნაკადულებსა და სანიაღვრე არხებს მოშორდნენ.
ლაქნაუში მდებარე რეგიონული მეტეოროლოგიური ცენტრის უფროსი მეცნიერის, ატულ კუმარ სინგჰის განცხადებით, ორშაბათიდან ნალექის ინტენსივობა უნდა შემცირდეს. მისი თქმით, შტატის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში სამშაბათსაც არის მოსალოდნელი მცირე წვიმა.
ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ ასევე პრობლემები შექმნა ინდოეთის აღმოსავლეთ ოდიშის შტატშიც, სადაც ოფიციალური ინფორმაციით 75 000-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.
მეზობელ ნეპალში კი ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით ამინდთან დაკავშირებულ ინციდენტებს 21 ადამიანი ემსხვერპლა, განაცხადა ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტომ. კიდევ ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხუთი კი დაშავდა. წყალდიდობამ და მეწყერმა ნეპალში 194 სახლი დააზიანა.
ნეპალი აგვისტოში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების შედეგებს კვლავ ებრძვის. მაშინ სტიქიას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 6 000 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.