პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს: „ალფა პვპ-ს“, „მდმა-ს“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „მეთადონს“, „მეფედრონს“, „მარიხუანას“ და „კლეფედრონს“, რომლებიც, გატარებული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ადგილას მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები. ხოლო ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეეფარდათ.



