ხულოს მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა
მთაბოძაურსა და სოფელ ქვემო ვაშლოვანში ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა.
ხულოს მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაკეთდა ბეტონის საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო ხელოვნური საფარი, ასევე დამონტაჟდა ლითონის დამცავი ბადეები და კალათბურთის ფარები. დასკვნით ეტაპზეა მთა ლოდიძირში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
სპორტის განვითარება და ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება მიზნად ისახავს ახალგაზრდების სპორტში ჩაბმის, აქტიური ცხოვრების წესისა და ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობისთვის შესაბამისი პირობების შექმნას.
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.



