ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა
ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო არტილერიისა და სარაკეტო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად სწავლება გამართა.
როგორც Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, სწავლებაში არმიის 5 ქვედანაყოფი მონაწილეობდა. მათ გამოცადეს რამდენიმე სახის შეიარაღება, კერძოდ შემტევი უპილოტო საფრენი აპარატები, ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტები, ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები და მსხვილი კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.
კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ ეს სწავლება სამხედრო მოსამსახურეების მორალური სულისკვეთების ამაღლებას და ბრძანების შემთხვევაში „მტრის სრული განადგურების“ უნარის სრულყოფას ისახავს მიზნად.
წინა დღით კი სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებულმა კომიტეტმა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ რამდენიმე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა. გაშვება სამხრეთ კორეის, აშშ-სა და იაპონიის მონაწილეობით ხუთდღიანი სამმხრივი სწავლების, Freedom Edge-ის დასრულების მეორე დღეს განხორციელდა.