ლევან მახაშვილი მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნაზე: თითოეული ეს კვლევა პირდაპირი გამოძახილი და შედეგია მათი არასწორი პოლიტიკის. მათ ხალხის ინტერესები ომის ინტერესებს და არაფორმალური გავლენის ინტერესებს გადააყოლეს
თითოეული ეს კვლევა პირდაპირი გამოძახილი და შედეგია მათი არასწორი პოლიტიკის, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნასთან დაკავშირებით.
მახაშვილის თქმით, მათ ხალხის ინტერესები ომის ინტერესებს და არაფორმალური გავლენის ინტერესებს გადააყოლეს.
„სწორედ ეს არის, რასაც დღეს ისინი პოლიტიკურ სარბიელზე იმკიან, როდესაც ისინი არ უჯერებენ საკუთარ მოსახლეობას, როდესაც მათ არ აღელვებთ მოსახლეობის საჭიროებები, პრობლემები, სურვილები. ეს არის მაგალითი ყველასთვის, ვისაც აქვს ამბიცია პოლიტიკაში იყოს, რომ ან ემსახურება საკუთარ ხალხს და ამით შანსი ექნება პოლიტიკაში დარჩეს, ან სხვის ინტერესებს ემსახურება და მათ ადრე თუ გვიან ხალხის ნებით, სურვილით პოლიტიკის დატოვება მოუწევთ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
საფრანგეთში მაკრონის, გერმანიაში კი მერცის რეიტინგი დაბალ ნიშნულზეა. კვლევებით, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. სადამდე მიიყვანა ევროპული ბიუროკრატია „დიფ სთეითის“ მორჩილებამ, თბილისში პოლიტიკური შეფასებები კეთდება.