უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პარლამენტმა ერთხმად ქვეყნის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კრავჩენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ერთი კვირის წინ გააკეთა, ხოლო ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ხელმძღვანელის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას ხელი მოაწერა.

როგორც უკრაინული მედია წერს, კრავჩენკოს გადაყენება უკრაინის ანტიკორუფციულ უწყებებსა და გენერალურ პროკურატურას შორის დაპირისპირების ფონზე მოხდა. გენერალური პროკურატურა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) გამოძიების ობიექტი გახდა. საქმე ეხება სავარაუდო დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობას მფარველობდა და მილიონობით გრივნის გათეთრებაში ეხმარებოდა.

NABU-მ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ NABU-ს ხელმძღვანელის სემენ კრივონოსის წინააღმდეგ ბრალის წაყენების შესახებ კრავჩენკოს განცხადება ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობის შესუსტების უფრო ფართო მცდელობის ნაწილი იყო.

გუშინ გვიან საღამოს გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელიც უწყებასა და თანამდებობიდან მიმავალ კრავჩენკოს შორის უთანხმოებაზე მიუთითებდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბრალის წაყენების შესახებ „სიმართლეს არ შეესაბამებოდა“, თუმცა ამავე დროს აღნიშნული იყო, რომ ეს გადაწყვეტილება „გაუქმდა“. უცნობია, კონკრეტულად ვის მიერ მოხდა მისი გაუქმება.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე კრავჩენკომ დეპუტატებს მოუწოდა, გადაწყვეტილებები „ზეწოლის ქვეშ“ არ მიეღოთ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ არცერთი „პოლიტიკურად მოტივირებული საპროცესო გადაწყვეტილებისთვის“ ხელი არ მოუწერია.

„მე ხელი არ მომიწერია არც ერთი პოლიტიკურად მოტივირებული საპროცესო გადაწყვეტილებისთვის - არც ოპოზიციის წარმომადგენლების და არც მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრების წინააღმდეგ“, - განაცხადა კრავჩენკომ.

კრავჩენკო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მოკავშირედ დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, 7 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგა. ეს გადაწყვეტილება მან პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ და კორუფციული სკანდალის ფონზე მიიღო, წერს უკრაინული მედია.