აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა

ბელარუსის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ჯონ კოული მინსკში ჩავიდა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრის დროს თქვა, რომ ბელარუსი ღიაა შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი საკითხის განსახილველად, თუმცა შეთანხმებები მკაცრად უნდა იყოს დაცული.

„რა თქმა უნდა“ – უპასუხა ჯონ კოულმა.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა უკვე მიაღწიეს მრავალ შეთანხმებას ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

„სწორედ ამიტომ მოვიწვიე პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაცნობებთ თქვენ და ყველას აქ მყოფებს ჩვენი შეთანხმებების შესრულების შესახებ“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკომ კოულს უთხრა, რომ ბელარუსის საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს მის ვიზიტებს.

„ჩვენი მეზობლები და სხვა სახელმწიფო ლიდერები ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს შეხვედრას“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

თავის მხრივ, ჯონ კოულმა ლუკაშენკოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკითხვა გადასცა.

„ის სრულად უჭერს მხარს ჩვენს ყველა ქმედებას“, – თქვა მან.