ლევან მაჭავარიანი: თამაზ ბორაშვილი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. არის ძალიან კეთილსინდისიერი კაცი
თამაზ ბორაშვილი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. არის ძალიან კეთილსინდისიერი კაცი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სუს-ის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის დამტკიცებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თამაზ ბორაშვილს აღნიშნულ უწყებაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
„სუს-ის მუშაობის ხარისხი აბსოლუტურად სხვა დონეზე აიყვანა მამუკა მდინარაძემ, შემდეგ ეს გააგრძელა გეკა გელაძემ და ის თამასა, რა თამასაც არის აწეული, დარწმუნებული ვარ, რომ თამაზ ბორაშვილის პირობებში შენარჩუნდება და პირიქით, კიდევ უფრო ზემოთ აიწევს. იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი წელია თამაზ ბორაშვილი მუშაობს ამ უწყებაში, მას რა თქმა უნდა ძალიან კარგად ესმის ის ძირითადი გამოწვევები, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და შესაბამისად, რა თქმა უნდა იგი პრიორიტეტებს ზედმიწევნით სწორად დასახავს და ძალიან ეფექტურად გაუმკლავდება ყველა ასეთ გამოწვევას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი აირჩია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.