აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაცის აჭარის მთავრობა ავრცელებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის პროცესს და დინამიკას.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კურორტ გოდერძის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების დროული და ხარისხიანი განხორციელება, რათა კურორტი ზამთრის სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
,,კურორტ გოდერძიზე სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში დაიწყება გზის მშენებლობა შესასვლელიდან ცენტრალურ ნაწილამდე. ასევე, განთავსდება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სერვისების გაუმჯობესებას. შესაბამისმა სამსახურებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც სამუშაოების ხარისხს, ისე ვადების დაცვას. კურორტს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მიზანია, ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ და კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოვაყალიბოთ“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გენერალური გეგმით გათვალისწინებული პროექტების თანმიმდევრულ განხორციელებაზე. აღინიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანი კურორტზე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა, ახალი სასტუმრო კომპლექსებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერასა და რეგიონში ეკონომიკური აქტივობის ზრდას.
დღესვე, მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე მიმდინარე და დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო - კურორტზე თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგურის, მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსისა და თოვლსატკეპნი ტექნიკის ანგარის მშენებლობა მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტები მოინახულეს და სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და კურორტ გოდერძის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.