განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საქველმოქმედო ფონდის „Hong Kong Shine Tak Foundation“ მიერ ორგანიზებული ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათ საჩუქრები გადასცა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბაია კვიციანმა მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები და შემდგომი წინსვლა უსურვა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივებში მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ახალგაზრდებს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ექვსი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. 13-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მოსწავლეებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 6-12 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი ასევე გამოვლინდნენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.
კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს შორის ოქროს მედლის მფლობელი მოსწავლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ხატვის კონკურსი „ეროვნული საგანძური“, რომლის მიზანია ხელოვნების საშუალებით ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და სხვადასხვა ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის წარმოჩენა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.