კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ინდუსტრიულ ბაზრობაში მონაწილეობდა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ინდუსტრიულ ბაზრობაში მონაწილეობდა.
ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული კინოს საერთაშორისო პოპულარიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა.
„ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი კინოფესტივალია, რომლის ფარგლებშიც წელს პირველად გაიმართა მასშტაბური კინობაზრობა. ქართული კინოს პოპულარიზაციისთვის, ასეთი მასშტაბის კინობაზრობაში მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაძლებლობა მოგვეცა, მსოფლიო კინოინდუსტრიისთვის ქართული ფილმები წარგვედგინა. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ტორონტოს ფესტივალის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობის გაყიდვებისა და პარტნიორობის უფროს დირექტორს - რაჰულ რამანს, რომლის უშუალო მხარდაჭერითაც საქართველო ტორონტოს ფესტივალის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა.
ტრიბეკას, სიდნეის და სხვა წამყვანი საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ქართული კინოს უცხოელი პარტნიორებისთვის წარდგენის შესაძლებლობები განიხილეს.
კინობაზრობაზე ქართულმა დელეგაციამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ევროპული კინოს პოპულარიზაციის ორგანიზაციის (EFP - European Film Promotion) გენერალურ დირექტორთან, ირინა იგნატიევ-ლემკესთანაც, რომელიც ევროპულ პლატფორმას 2026 წლიდან ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული კინოცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ევროპული კინოს პოპულარიზაციის ორგანიზაციასთან, რომელიც ევროპულ კინოინსტიტუტებს აერთიანებს.
ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი 10-20 სექტემბერს იმართება. ფესტივალის ფარგლებში, წელს პირველად ჩატარდა კინოფესტივალის ოფიციალური სრულმასშტაბიანი კინობაზრობა, რომელსაც 80-მდე ქვეყნის 6300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.