შალვა პაპუაშვილი: გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომელიც საქართველოს მტრობდნენ

შალვა პაპუაშვილი: გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომელიც საქართველოს მტრობდნენ

გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომლებიც საქართველოს მტრობდნენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გველესიანის ნათქვამი სიახლე არ არის.

„ვხედავდით მაშინ რა შევარდნები იყო ფეისბუქსა თუ სხვა სოც. მედიის გვერდებზე, იძულება, რომ პოსტი დაედოთ და რაიმე ეთქვათ. ამ ადამიანმაც ეს თქვა, რომ იყო წნეხი. ამის საპასუხოდ ჩვენ ვნახეთ გაორმაგებული თავდასხმა გველესიანზე, ვნახეთ გინება, ყველანაირი შეურაცხყოფა, კამპანია, რომელშიც ისევ იგივე ხალხი ჩაერთო, „ნაცმოძრაობა“ და ის ჯგუფი, რომელიც ემოციურად დაზიანებული ხალხია და ვხედავთ მათ ქცევას სოც. მედიასა თუ რეალურ ცხოვრებაში.

მაშინდელი წნეხის უარყოფას შეეცადნენ ასევე წნეხით. კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი საზიზღარი ბუნება, რომ შეუძლიათ ადამიანს თავს დაესხან იმის გამო, რომ მას მათი მოსაზრებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს. აკეთებენ ყველას მიმართ, უცხოს, შინაურის, თავისიანებსაც ისე ექცევიან ხოლმე. ამას თავისი ახსნა აქვს, „ბაბლს“ რომ უწოდებენ საკუთარ თავსაც ხანდახან, სინამდვილეში ეს ტერმინი შემოტანილია იმისთვის, რომ შეალამაზონ არსი ამ ერთობისა, რომ ეს არის სინამდვილეში ფსევდორელიგიური სექტა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ქცევას, ეს არის ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა.

„ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ ხალხის ქცევას, ეს არის ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა ყველაფრით, თავისი რიტუალები აქვთ და ყოველ დღე ვხედავთ რუსთაველის გამზირზე მოდიან იმისთვის, რომ რიტუალი ჩაატარონ, ჰყავთ თავისი ქურუმი, რომელიც მათი ტელევიზიიდან ქადაგებს, აქვთ საკუთარი შეძახილები რიტუალის ჩატარების დროს, აქვთ საკუთარი სალოცავები ევროკავშირის დროშის სახით რომელზეც ლოცულობენ და ა.შ.

როგორც ფსევდო რელიგიური ფუნდამენტური სექტა ზუსტად ისე იქცევიან. როგორც კი ვინმე ან მათ სექტას განუდგება ხლისტებივით ჩაქოლავენ და როგორც კი ვინმე მათი სექტის დოგმებს უარყოფს, იმ მომენტშივე ქვას ესვრიან და ქოლავენ. ეს არის ფსევდო რელიგიური ფუნდამენტური სექტა, რომლადაც დღეს ჩამოყალიბდა იმ ადამიანების ერთობა, რომელსაც მუდმივად შემოაქვს დაპირისპირება, შუღლი, ბოღმა, ღვარძლი და ყველაფერი, რაც კი ფუნდამენტალისტურ სექტებს ახასიათებთ ხოლმე. მიტომ გაურბიან დებატებს და საუბარს“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.